რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

"ჩექმებში წყალი ჩამისხეს" – 31 წლის ნიკიტას ტყვეობის ისტორია, რომელმაც ფეხის თითები დაკარგა

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 31 წლის ნიკიტა გორბანმა თქვა, რომ რუსები პირველ რიგში ათავისუფლებენ მათ, ვისზეც წამლის დახარჯვა უწევთ. მან ტყვეობაში 1 თვე გაატარა და ფეხის თითები დაკარგა. 

როგორც ნიკიტა ამბობს, ის მარტის დასაწყისში გაიტაცეს. რუსმა სამხედროებმა პასპორტში სამხედრო პირადობის მოწმობა ნახეს და დაცინვა დაუწყეს - თითების მოტეხვას ცდილობდნენ ქანჩით, რათა უკრაინის პოზიციებზე ეთქვა. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ნიკიტამ არაფერი იცოდა.

"ჩექმები წამართვეს, წყლით აავსეს და ხელახლა ჩამაცვეს. შემდეგ გვაიძულეს, სიცივეში პირქვე დავწოლილიყავით მიწაზე. სამი-ოთხი ღამე ასე ვიწექით, წვიმაში და სულ უფრო გვციოდა".- ამბობს ნიკიტა, რომელიც მიხვდა, რომ მას უკვე მოყინული ჰქონდა ფეხის თითები. 

ისინი პრიპიატის გავლით ბელარუსში გადაიყვანეს, იქიდან კი, კურსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნიკიტა მამის გვერდით იყო. საჭირო იყო ავადმყოფ ფეხებზე დგომა, საღამოს კი, დატყვევებული უკრაინელები აიძულეს, ემღერათ რუსული ჰიმნი. ნიკიტას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, რის გამოც, ფეხის თითები გაუშავდა და დაშლა დაიწყო.

"ფეხი აყროლდა, დაიწყო თვითამპუტაცია - გადაკვრის დროს თითი უბრალოდ ჩამოვარდა, რადგან ნამდვილად არავის არაფერი გაუკეთებია".- ამბობს ყოფილი ტყვე. 

10 აპრილს იგი კურსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ფეხის ყველა თითის ამპუტაცია გახდა საჭირო. იმის გამო, რომ ჭრილობების მოსავლელად წამლები დაეხარჯათ, ნიკიტას გაცვლა გადაწყვიტეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ კიდევ შვიდ ტყვესთან ერთად. უკრაინელები კურსკიდან სიმფეროპოლში გადაიყვანეს, იქიდან კი - ზაპოროჟიეში.

ნიკიტამ ვერაფერი გაიგო, სანამ უკრაინელი სამხედროები არ მიუახლოვდნენ.

ნიკიტა უკვე ცდილობს სიარულს, მაგრამ ორ კვირაში თითები უნდა მოუშუშდეს, თითების გარეშე სიარული და წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. 

ნიკიტას მამა კურსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩა. იქ სულ ასამდე პატიმარი იყო.

კომენტარები