საწვავის ფასი

ბოკერია: მაღალი ფასების წყარო არის მაღალი საგადასახადო წნეხი

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთ მცდელობას" უწოდებს საწვავის ფასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას.

"საწვავის და ზოგადად ფასებთან დაკავშირებით მთავრობას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ორი რამე - გადასახადების შემცირება და ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკის წარმართვა, რომელიც არ დასცემს კურსს ისე, როგორც ამ რეჟიმმა გააკეთა. კერძოდ, მაგალითად მულტისავალუტო სისტემის შემოღება.

მაღალი საგადასახადო წნეხია მაღალი ფასების წყარო და ყველა სხვა მიმართულებით საუბარი არის დროებით მოტყუება ჩვენი მოქალაქეების, რომ მთავრობა რაღაცას აკეთებს.

გადასახადების შემცირება და ლარის კურსის გამყარება არის გასაღები იმისა, რომ მოქალაქეებს და მეწარმეებს შეუმსუბუქდეს ის ტვირთი, რაც გვაქვს ყველას დღეს.“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

2 მაისის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. პრემიერი აღნიშნავს, რომ მთავრობის ინფორმაციით, "ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ მიმართეს კონკურენციის სააგენტოს.

"ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში, დასკვნა, ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს" - ამბობს ღარიბაშვილი.

კომენტარები