რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი მეთაური: აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვია დარჩენილი

უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის მეთაურის, დენის შლეგას თქმით, აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვია დარჩენილი. მისივე თქმით, გუშინ განხორციელებული ევაკუაციის პროცესის დასრულებისთანავე, ოკუპანტებდა ქარხანაზე თავდასხმა განაახლეს და ყველა სახის იარაღი გამოიყენეს.

"მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის დასრულებისთანავე, მტერმა ყველა სახის იარაღის გამოყენება დაიწყო. რუსულმა საფლოტო არტილერიამ აზოვსტალზე თავდასხმები ღამის 2-დან 3 საათამდე გააქტიურა. დილა შედარებით მშვიდი იყო". - თქვა შლეგამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ დაიბომბა მათი საველე ჰოსპიტალიც და ახლა ყველაზე დიდი პრობლემა დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობაა.

"უდიდესი პრობლემა დაჭრილი სამხედროებია. ჩვენი საველე ჰოსპიტალი რამდენიმე დღის წინ დაბომბეს. სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა უკიდურესად მძიმე პირობებში გვიწევს. აზოვსტალში მათი [დაჭრილი სამხედროების] რაოდენობა 500-მდეა. მათი დაზიანებები, სიმწვავის მიხედვით განსხვავებულია. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას". - თქვა შლეგამ.

გარდა ამისა, დენის შლეგას თქმით, მნიშვნელოვანია დარჩენილი სამხედროების ქარხნიდან გამოყვანაც.

"მშვიდობიანი მოქალაქეებიისა და დაჭრილების ევაკუაციის შემდეგ, აუცილებელია გარნიზონის საკითხის მოგვარებაც. ამ 68 დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შესაძლებელი იყო, ასევე შეუძლებელიც". - თქვა შლეგამ.

კომენტარები