რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს. საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლისიჩანსკში დაიწვა გიმნაზია.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს.

უკრაინელმა დამცველებმა 2 ტანკი, 17 საარტილერიო სისტემა, 38 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის 10 მანქანა გაანადგურეს. ამასთან ერთად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დონბასის ცაზე 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები