რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რუსეთის ქმედებები უკრაინაში ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკეა

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი

პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო გარყვნილობასა და სისასტიკეში დაადანაშაულა.

"ეს არის ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკე.

მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სრულად და სწორად ვაფასებდით იმ ხარისხის ძალადობასა და სისასტიკეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ უდანაშაულო ადამიანების, არამებრძოლების, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სიცოცხლის სრული უგულებელყოფით განხორციელდა". - თქვა კირბიმ. 

შეკითხვაზე, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი რაციონალური აქტორი, კირბიმ უპასუხა:

"მე არ ვარ ფსიქოლოგი, შესაბამისად, არ მინდა ვლადიმირ პუტინის ფსიქოლოგიას ჩავეძიო. თუმცა, რთულია, ხედავდე იმას, თუ რას აკეთებს უკრაინაში, მისი ჯარი რას აკეთებს უკრაინაში და ფიქრობდე, რომ ნებისმიერი ეთიკური, მორალური არსება ამის გამართლებას შეძლებს"

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები