რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგია რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს

ნორვეგია უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება და რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სანქციები არ შეეხება სარეწ გემებს, რომლებიც ხშირად იჭერენ თევზებს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში. აგრეთვე, გამონაკლისი შეეხება არქტიკულ შპიცბერგენის არქიპელაგსაც, სადაც მოქმედებს 1920 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს ტერიტორია გამოცხადდა თავისუფალ ზონად და ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მიეცა თევზაობის, ნადირობისა და მინერალური რესურსების მოპოვების უფლება.

აქამდე, ნორვეგიამ უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით მისტრალის სისტემა ეფექტიანია და უკრაინისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. 

ასევე, გასულ კვირებში ნორვეგია უკრაინას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები