მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს - მათი ცნობით, სააკაშვილს ამანათი "მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია". 

"ბოლო პერიოდში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე. მ. სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით. ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მ. სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მ.სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება". - წერია განცხადებაში. 

გუშინ, 26 აპრილს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ამანათების შეტანა აკრძალეს და ის "მშიერი დატოვეს, ღიად კლავენ". 

"მიშა აქამდე მარტო უცხიმო სულგუნს და კიტრს ჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას. ეს ამანათებით შეგვქონდა მასთან. დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა.

მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად. ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის გინდა გაცნობიერებული, გინდა გაუცნობიერებელი დუმილი ასევე უდრის მკვლელობას". - დაწერა მან. 

კომენტარები