ისრაელი-სირია

სირია: დამასკოსთან ისრაელის სარაკეტო თავდასხმას 4 სამხედრო ემსხვერპლა

ისრაელის სარაკეტო თავდასხმა სირიაზე, 2020 წელი, თებერვალი
France24

სირიის სამთავრობო მედიის, SANA-ს ინფორმაციით, სირიაში, დამასკოს შემოგარენში, სამხედრო პოზიციებზე ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც 4 სამხედრო ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. 

ეს ამ თვეში მესამე თავდასხმაა. ისრაელის შეიარაღებული ძალები მსგავს შემთვევებს, როგორც წესი, არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

სირიულ მედიასთან ისაუბრა სირიის არმიის წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ ისრაელის რაკეტების უმეტესობა მათმა თავდაცვის სისტემებმა უვნებელყვეს. სირია მსგავს განცხადებებს თავდასხმების შემდეგ მუდამ აკეთებს, თუმცა ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ტრაბახია. 

მარტის დასაწყისში დამასკოსთან მიტანილ ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა ირანის რევოლუციური გვარდიის ორი ოფიცერი. გვარდიამ შურისძიების ფიცი დადო და იერიში მიიტანეს ერაყში, ქურდისტანის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც, ირანის მტკიცებით, ისრაელის "სტრატეგიული ცენტრები" იყო.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვი და იერუსალიმი ერთმანეთის წინააღმდეგობაში აღმოჩნდნენ, თუმცა პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტი კრემლის ღია კრიტიკას ერიდება, რასაც სირიაში საჰაერო იერიშების თავისუფლების შენარჩუნების სურვილით ხსნიან. 

კომენტარები