დნესტრისპირეთი

რუსეთი დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებიან. 

დაზვერვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის მაცხოვრებლები იღებენ ყალბ SMS შეტყობინებებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების სახელით, რომლებიც მათ მოსალოდნელი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შესახებ ატყობინებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახური ასევე ავრცელებს ყალბი შეტყობინების ნიმუშსაც:

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ სურთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცა ქალაქში დარჩენილები აღქმულები იქნებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე გაანადგურებენ. ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა".

უკრაინის თავდაცვის უწყება ამგვარ ინციდენტებს რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ პროვოკაციას უწოდებენ.


25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 

25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო, ხოლო დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტი ადანაშაულებს კიევს და ამბობს, რომ თავდასხმების კვალი უკრაინამდე მიდის.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის ომი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები