რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $43.7 მილიონს გამოყოფს

ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტოირე
NTB/Heiko Jungevia REUTERS

ნორვეგია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $43.7 მილიონს (400 მილიონ კრონს) გამოყოფს. უკრაინისთვის იარაღის შეძენის ფონდის შექმნის ინიციატივით დიდი ბრიტანეთი ცოტა ხნით ადრე გამოვიდა. 

ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გარ სტოირემ ნორვეგიის პარლამენტთან მიმართვის დროს თქვა, რომ ქვეყანა უკრაინისთვის იარაღის დამატებით მიწოდების ვარიანტსაც განიხილავს. 

აქამდე, ნორვეგიამ უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით მისტრალის სისტემა ეფექტიანია და უკრაინისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. 

ასევე, გასულ კვირებში ნორვეგია უკრაინას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ნორვეგია NATO-ს არაწევრ ქვეყანას საბრძოლველად იარაღს არ აძლევდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები