რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელია: ენმ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილებას არეგისტრირებს

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ენმ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილებას არეგისტრირებს. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე მელიამ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დადგენილებაზე რეაგირება ქართული ოცნების პოლიტიკური შეფასება იქნება.

"დღეს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე შალვა პაპუაშვილისთვის. ბუნებრივია, ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – ან კი, ან არა. ან ბუჩაში ნანახმა დაარწმუნა ქართული ოცნება, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ. ან ისინი დგებიან კვლავ ევტუშენკოვების გვერდზე, ან ისინი დგებიან დანარჩენი თავისუფალი სამყაროს მხარეს.

არჩევანი არის ქართულ ოცნებაზე, ჩვენ ამ დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ. ალბათ, ყველაზე ოპტიმისტი მოქალაქე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ვნახოთ, დაველოდოთ. გადაწყვეტილება როგორიც იქნება, გამოძახილიც ადეკვატური გვექნება როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს პარტნიორებს". – თქვა მელიამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ნანახი "ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს".

კომენტარები