რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

არესტოვიჩი: აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთს 15 000-მდე დაღლილი ჯარისკაცი ჰყავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა ორ-სამ კვირაში დასრულდება. მან აღნიშნა, რომ რუსეთს 15 000-მდე დაღლილი ჯარისკაცი ჰყავს

"ორ-სამ კვირაში ეს შეტევა დასრულდება. და ამით, სავსებით შესაძლებელია, დასრულდეს ომის აქტიური ფაზა და გადავიდეთ პოზიციურ ფაზაში, რადგან რუსეთის ჯარებს თავდასხმისთვის მეტი არაფერი აქვთ [...] არ ვიცი, საიდან დაამატებენ ახალ რეზერვებს. მათ მომზადებას ერთი-ორი თვე მაინც სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში კი ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს - გაგრძელდება სანქციების მოქმედება, საერთაშორისო მასშტაბით მოხდება ცვლილებები და ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთს კი მხარდაჭერა არსაიდან არ ექნება". - თქვა არესტოვიჩმა. 

არესტოვიჩის თქმით, თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთის მთავარი ამოცანაა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღება გამარჯვებად გამოაცხადონ. 

"ისინი დაუბრუნდებიან მოლაპარაკებებს, რომლის მთავარი ამოცანა სანქციების მოხსნაა. ეს კრემლის მიზანია, რადგან ორთვიანი ომის შემდეგ რუსეთის მოსახლეობას რაღაც უნდა უთხრან. უფრო მეტიც, მათ უნდა გამოაცხადონ გარკვეული გამარჯვებები, როგორც ეს მოსალოდნელი იყო". - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები