საქართველოს პარლამენტი

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა 3-დან 9 თვემდე იზრდება – კანონპროექტი

COUNCIL OF EUROPE

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი უწყებების მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის, ფარული მოსმენების წარმოების მაქსიმალური ვადა 3-დან 9 თვემდე იზრდება.

კანონპროექტის თანახმად, ასევე იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. კანონის მოქმედი რედაქციით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს ვალდებულება აქვს, რომ შესაბამის პირს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში მიაწოდონ.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ წესმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას გამოძიების მიმდინარეობას. კანონპროექტით, პირისთვის მოქმედებების შესახებ შეტყობინება შესაძლოა 12 თვით გადავადდეს "იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად".

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დადგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება. გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421 , 143-ე-1432 , 144-ე-1443 , 155-ე, 1571 , 194-ე, 1941 , 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 2351 , 2391 , 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211 , 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

"კანონპროექტი ემსახურება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეფექტიანობის გაზრდას და, ამავდროულად, სათანადოდ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად სწორედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს". – განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:

  • სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
  • ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
  • საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;
  • ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება;
  • ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

კომენტარები