რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელენი სასურსათო კრიზისზე სასაუბროდ მაღალი რანგის წარმომადგენელთა სხდომას იწვევს

ჯანეტ იელენი
Getty Images/AFP

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი 19 აპრილს სასურსათო უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით მაღალი რანგის წარმომადგენელთა სხდომას მოიწვევს. ასევე, იელენი მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელები და მიიღებენ. ასევე, G7 და G20 ქვეყნების მინისტრები და ექსპერტები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის ცნობით, შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა სასურსათო უსაფრთხოების მზარდი რისკფაქტორები განიხილონ და რეაგირების შესაბამისი ზომები მიიღონ.

"მდივანი იელენი შეშფოთებულია იმით, თუ რამხელა გავლენა იქონია რუსეთის უგუნურმა ომმა მსოფლიოს განვითარებად ბაზრებსა და გლობალურ ეკონომიკაზე". - ამბობს ხაზინის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები