რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსული ძალების შეტევის მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა

mobtada.com

პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ მიუხედავად რუსული ძალების შეტევისა, მარიუპოლი არ დაცემულა. 

"ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და არტილერიის მოძრაობას დონბასში და სამხრეთით - განსაკუთრებით, მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქის შიგნით". - ამბობს კირბი. 

კირბის თქმით, რუსეთის შეიარაღების მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად, უკრაინელები მათ წინააღმდეგობას უწევენ. 

"რუსები აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ "ფორმირებას" ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის პირობებს იქმნიან". - თქვა კირბიმ. 

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი და მათ დანებებისთვის დრო მისცეს. კერძოდ, კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდეს

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები