რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს დანებებისთვის დრო 06:00-დან 13:00 საათამდე მისცა

აზოვის ბატალიონი

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი და მათ დანებებისთვის დრო მისცეს. კერძოდ, კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდეს. 

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან სთავაზობენ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარეს იარაღი. ყველას, ვინც იარაღს დადებს, სიცოცხლე გარანტირებულია".- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში უკრაინელების ცნობით. 

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები