თავისუფლების ინსტიტუტი

რამიშვილი: სახელმწიფოს ხელახალი დაფუძნება გვჭირდება – ჩვენს პროექტს ახალი რეს პუბლიკა ჰქვია

ტაბულა

"ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს ხელახალი დაფუძნება, ეს არის ამ პროექტის მთავარი იდეა". - ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლევან რამიშვილი პროექტ ახალი რეს პუბლიკის პრეზენტაციაზე. 

რამიშვილის თქმით, თავისუფლების ინსტიტუტის მთავარი მიზანი ცვლილებების დაჩქარებაა - მთავარი დაბრკოლება კი, რომელიც ამ ცვლილებებს ხვდება, მკაფიო ალტერნატივის არარსებობაა. 

"ალტერნატივა თავის თავში, პირველ რიგში, გულისხმობს იდეას, ფართო კონსენსუსს ამ იდეების ირგვლივ და გულისხმობს პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაჰპირდება, რომ შემდეგ ეს იდეები განახორციელოს და საზოგადოების მანდატის მოპოვების შემდეგ პასუხისმგებლობა აიღოს. 

20 წლის წინ თავისუფლების ინსტიტუტს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, როდესაც, სხვათა შორის, ამ დღეს, მოძრაობა კმარა დაიწყო და ამ მოძრაობის ფარგლებში მაშინ მომზადდა პროექტი - 10 ნაბიჯი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ დღესაც მსგავსი სახის პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბება დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას, მოახდინოს კონსოლიდირება ამ ალტერნატიული დღის წესრიგის ირგვლივ. ყველაზე მთავარი, რაც ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, არის არა მხოლოდ რაიმე ცალკეულ დარგებსა და სფეროებში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, არამედ იმის გააზრება, რომ ვერცერთი ცალკე აღებული რეფორმა წარმატებით ვერ დასრულდება, თუ არ შევცვლით იმ საფუძველს, რომელზეც ჩვენი პოლიტიკა არის ბოლო 30 წლის განმავლობაში დაფუძნებული. ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს ხელახალი დაფუძნება და ეს არის ამ პროექტის მთავარი იდეა, სწორედ ამიტომ ჰქვია მას სახელი ახალი რეს პუბლიკა". - ამბობს რამიშვილი.  

თავისუფლების ინსტიტუტის ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 14 აპრილს გაიმართა. ორგანიზაცია რეფორმების საგზაო რუკის მზადებას იწყებს. პროექტი ახალი რეს პუბლიკა შეიმუშავებს პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომლებიც, განცხადების მიხედვით, საქართველოს მომავალ ლიდერებს ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან ყველა ძირითადი სფეროს ფუნდამენტურ გარდაქმნაში დაეხმარება. 

კომენტარები