რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, მინიმუმ 1 892 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 558 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გაავრცელა.
გაეროს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 478 მამაკაცია, 308 ქალი და 82 ბავშვი. ამასთან, 953 ზრდასრულისა და 71 ბავშვის სქესი ჯერჯერობით დაუდგენელია.
გარდა ამისა, 2 558 დაშავებულიდან 291 მამაკაცია, 219 ქალი, 102 კი ბავშვი. 1 802 ზრდასრულისა და 144 ბავშვის სქესი კი დაუდგენელია.
ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა დიდი ნაწილი ფეთქებად იარაღებს ემსხვერპლა, მათ შორის მძიმე არტილერიას, სარაკეტო სისტემებსა და ავიათავდასხმებს. გაერო ასევე აცხადებს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა რეალურად ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





