აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

აშშ: სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ლაშქარავას დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან ერთად გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო მისი დისკრედიტაციის და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ.

"11 ივლისს TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ვილისის თავდასხმების დროს ის სასტიკად სცემეს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტის შეჯამებაში აღნიშნავს, რომ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის დაუსჯელობა მთავრობის მიერ ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლისსამართლებრივი დევნის აუღსრულებლობამ გამოიწვია.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა.

კომენტარები