აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

ინსპექტორი 2022-ში გადააყენეს, მიუხედავად იმისა, რომ მანდატის დასულებამდე 3 წელი რჩებოდა – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსპექტორის გადაყენება 2022 წელს დაგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატის ამოწურვამდე 3 წელი რჩებოდა.

"რეორგანიზაციის პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილების დასრულებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის საპარლამენტო დეპუტატებმა კანონის მისაღებად დააჩქარეს კენჭისყრა და სამივე მოსმენით ერთ კვირაში ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში დაამტკიცეს". – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე საუბრობს ინსპექტორის სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ გარემოებებზეც.

"პარლამენტის მოქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ რამდენიმე ვიდეოს გამოქვეყნებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი დაარღვია". – ვკითხულობთ ანგარიშში.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ორი ახალი უწყება – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები შეიქმნა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მათი მანდატის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინსპექტორისგან განსხვავებით, მათ ზოგიერთი უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

"წინა მანდატისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობდა ყველა სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის თანაბრად გამოძიებას, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებებს არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება". – ნათქვამია დოკუმენტში.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები