რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მრავალსართულიანი შენობების 40 % სრულად გაანადგურეს და ათიათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერიამ გაავრცელა.
"მარიუპოლის 84 000 მაცხოვრებლის სახლი მთლიანად განადგურებულია. ეს ქალაქის მრავალსართულიანი შენობების 40%-ს შეადგენს. ამ რაოდენობის სახლის ასაშენებლად, რომელსაც ნორმალური საცხოვრებელი პირობები ექნება, 2.3 მილიარდი დოლარია საჭირო. ქალაქის მერია ომისგან მიყენებული ზარალის დათვლას კვლავაც განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, მარიუპოლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხა 12.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს გვიკლავენ და ისინი ამ ყველაფრისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს". - წერს მარიუპოლის მერია.
მარიუპოლი დროებით რუსული ოკუპაციის ქვეშაა და იქ წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ.
უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





