ეკონომიკა

უკრაინაში ომის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-დან 2.5%-მდე შენელდება – მსოფლიო ბანკი

Getty Images

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ქვეყნებზე, მთავარი დარტყმა კი მოსალოდნელია ევროპის და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე.

მსოფლიო ბანკის მიმოხილვის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო.

"ომის დაწყების შემდეგ ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა გაურკვევლობისა და რუსეთისა და უკრაინის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო. ეს ზემოქმედებები გამოიწვევენ საქართველოს ზრდის შენელებას, და მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5.5 პროცენტიანი ზრდის 2.5%-მდე ვარდნა. საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს, რამდენადაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ნაწილობრივ დაბალანსდება ფისკალური სტიმულის ეტაპობრივი  შემცირებით". – ნათქვამია მიმოხილვაში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის თქმით, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის შესუსტებისა, საქართველო კარგ პოზიციაშია, მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი.

"საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა, და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით". – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4.1 პროცენტით, ომამდე პროგნოზირებული 3-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას. ბოლო წლების განმავლობაში ეს  მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.

"უკრაინის ეკონომიკაში სავარაუდოდ 45.1%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, თუმცა, მისი სიმძლავრე დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია, რის გამოც მთლიანი გამოშვება 2022 წელს 11.2 პროცენტით შემცირდება". – ნათქვამია მიმოხილვაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები