ჰოლივუდი

მარლონ ბრანდოდან უილ სმიტამდე – სკანდალები ოსკარის დაჯილდოებაზე

Befunky

ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელი დაჯილდოების ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი უილ სმიტის სცენაზე ასვლა გახდა. სამწუხაროდ ჰოლივუდის ნაღებმა საზოგადოებამ არც შთამბეჭდავი სამადლობელი სიტყვით და არც პოლიტიკური მესიჯებით დაგვამახსოვრა თავი. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გამოთქმული ის მცირე ეპითეტებიც კრის როკისთვის გარტყმულმა სილამ მთლიანად გადაფარა.

თითქმის ასწლიანი ოსკარის ისტორიაში ეს პირველი სკანდალი არ არის. თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანს.

მარლონ ბრანდოს უარი, 1973 წელი

1973 წელს მარლონ ბრანდომ ნათლიაში შესრულებული როლისთვის, მეორე ოსკარი მიიღო. თავად მსახიობი დაჯილდოებაზე არ მივიდა, მის ნაცვლად სცენაზე ინდიელი აქტივისტი, საშინ ლითლფეზერი ამოვიდა და ბრანდოს სახელით ჯილდოზე უარი თქვა. 

ბრანდომ ოსკარზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა. მსახიობი აპროტესტებდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ინდიელების მიმართ, რომელიც იმ პერიოდის კინოინდუსტრიაში იყო გამეფებული. 

ეს იყო პირველი ოსკარის დაჯილდოება, რომელიც პირდაპირ ეთერში გავიდა. ბრანდოს საპროტესტო ქმედებას 85 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ცოტაოდენი სიშიშვლე, 1974 წელი

1974 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე სცენაზე სრულიად შიშველი კაცი ავიდა. 

როდესაც მსახიობი დევიდ ნივენი თავის კოლეგას, ელიზაბეტ ტეილორს წარადგენდა, სცენაზე მხატვარმა და ფოტოგრაფმა, რობერტ ოპელმა, სრულიად შიშველმა ჩაირბინა და აუდიტორიას ხელით მშვიდობის ნიშანი აჩვენა.

მხატვრის განმარტებით მისი პერფორმანსი იყო პროტესტი კონფორმისტი საზოგადოების წინააღმდეგ. ოპელი არ დაუკავებიათ, ვინაიდან საჩივარი არავინ შეიტანა, დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი პერფორმანს სიცილით შეხვდა.

LSD და წითელი ხალიჩა, 2000 წელი

2000 წელს საკულტო სერიალ South Park-ის შემქმნელები მეტ სტოუნი და ტრეი პარკერი წითელ ხალიჩაზე ქალის კაბებში გამოწყობილები მივიდნენ.

პარკერის ჩაცმულობა ჯენიფერ ლოპესის ცნობილი მწვანე ვერსაჩეს კაბის ცუდი ასლი იყო, ხოლო სტოუნმა გვინეტ პელტროუს 99 წლის ოსკარის ჩაცმულობა გააშარჟა.

იმ წელს საუთ პარკის შემქმნელები ოსკარის ნომინანტები იყვნენ სიმღერისთვის Blame Canada, რომელიც ფილმ South Park: Bigger, Longer & Uncut-ის მთავარი საუნდტრეკია. სამწუხაროდ მეგობრები სახლში ოსკარის გარეშე დაბრუნდნენ.

მოგვიანებით პარკერმა და სტოუნმა აღიარეს, რომ ცერემონიის წინ LSD მიიღეს.

გრცხვენოდეთ ბატონო ბუშ, 2003

2003 წელს დოკუმენტალისტმა მაიკლ მურმა, ფილმისთვის Bowling for Columbine ოსკარი მიიღო. 

სცენაზე ასულმა რეჟისორმა ღიად გააკრიტიკა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში:

"ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც ერთ კაცს შეუძლია გაგვიშვას გამოგონილ ომში… გრცხვენოდეთ ბატონო ბუშ, გრცხვენოდეთ".

მურის სიტყვას დარბაზის ნაწილი ნეგატიური შეძახილებით შეხვდა, ორკესტრმა კი სასწრაფოდ დაკვრა დაიწყო, რომ რეჟისორს სიტყვა ვერ გაეგრძელებინა.

La La Land-ის გამარჯვება, 2017 წელი

2017 წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიის გამარჯვებული ჰოლივუდის ლეგენდებმა, უორენ ბიტიმ და ფეი დანაუეიმ გამოაცხადეს.

ბიტიმ კონვერტი გახსნა და გამარჯვებულად La La Land დაასახელა, შემდეგ კონვერტში დანაუეიმაც ჩაიხედა და მიუზიკლის გამარჯვება დაადასტურა.

ფილმის გადამღებმა ჯგუფმა სცენაზე ასვლა დაიწყო, თუმცა ნაადრევად დაწყებული ზეიმი შოუს პროდიუსერებმა შეაჩერეს.

როგორც გაირკვა, მსახიობების წყვილს არასწორი კონვერტი გადასცეს, რეალურად გამარჯვებული ფილმი Moonlight იყო. პროდიუსერების განმარტებით ბიტის წინა კატეგორიის, უკვე გახსნილი კონვერტი მიაწოდეს. წინა კატეგორიის გამარჯვებული კი ნამდვილად ლა ლა ლენდი იყო.

უილ სმიტი და კრის როკი, 2022 წელი

წლევანდელ დაჯილდოებაზე, სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

ინციდენტს საზოგადოებაში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკის კინოაკადემია სმიტისთვის ოსკარის ჩამორთმევას განიხილავს. თავად მსახიობმა დატოვა კინოაკადემიის რიგები და მოგვიანებით ბოდიში მოუხადა კრის როკს. 

 

კომენტარები