საქართველო-უკრაინა

შემოსავლების სამსახური: ყველა სანქცირებული პროდუქტი ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისნიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ" - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში წერია. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს. ასევე, სუს-ის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით". სუს-ის შეფასებით, თუ უკრაინა მტკიცებულებებს არ მიაწვდის, ჩაითვლება, რომ განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრისას, უკრაინის წარმომადგენლებმა დაზვერვის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "რაიმე სახის მტკიცებულება" ვერ წარადგინა.

კომენტარები