რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე: აშკარაა, უახლოეს დღეებში საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციის ახალი ტალღა იქნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვებით, ნიადაგი მზადდება იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "მეორე ფრონტი გაიხსნას". მისივე თქმით, უახლოეს დღეებში "პროვოკაციების ახალ ტალღას" ელოდებიან. 

"არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ [უკრაინაში] იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს არ უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და, ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისათვის მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია. 

მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით, ომის პარტიასა და მის წარმომადგენლებს - შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას". - ამბობს მამუკა მდინარაძე.  

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს "მეორე ფრონტის გახსნაში", მდინარაძე ამტკიცებს, რომ ერთიან ნახიონალურ მოძრაობას აქვს მცდელობა, საქართველოში ომი დაიწყოს და "ამ ფორმით საქართველო ჩაერთოს იმ მოვლენებსა და ღია აგრესიაში, რაც წარმოებს უკრაინის წინააღმდეგ".  

"ამ ომში ჩართვა საქართველოსთვის, ამ 4-მილიონიანი ქვეყნისთვის ნიშნავს კატასტროფულ შედეგებს და იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან კარგად აქვთ გათვიცნობიერებული ამ ქმედებების, ამ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის ავტორებს, მაინც კი არ რისკავენ, დარწმუნებულები არიან, რომ სათავისოდ სწორად მოქმედებენ და შემდეგ ამ უკიდურესად დამაზიანებელი მოვლენების ფონზე შეეცდებიან თავისი პოლიტიკური ინტერესების გატარებას - ეს არ გამოუვათ, ეს არის მხოლოდ თეორია, რასაც ოცნებობენ და ფიქრობენ". - ამბობს ის.  

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ქვეყანა რუსეთს არ ეხმარება. 

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაციია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები