რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე უკრაინაზე: კატეგორიულად მოვითხოვთ, წარადგინონ მტკიცებულება ამაზრზენ ბრალდებაზე

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას სიტყვებს, რომ რუსეთისთვის შესაძლო დახმარების საკითხზე ქართული მხარის მიერ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს ელოდებიან. ქართული ოცნება "კატეგორიულად მოითხოვს", უკრაინამ თავად წარადგინოს მტკიცებულებები "ამაზრზენ ბრალდებაზე". 

"ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, Fake-ნიუსების, პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველდგვარ წითელ ხაზებს გასცდა". - ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებს, რომ ქვეყანა "ყველგან და ყოველთვის" უკრიანისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ყველა პრინციპულ საკითხზე მკაფიო პოზიცია ჰქონდათ - "აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე". 

"ამ ფონზე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. 

მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიიისა და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში ბოლო პერიოდში დანიშნული პირი. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მიმართ". - ამბობს მდინარაძე.  

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ქვეყანა რუსეთს არ ეხმარება. 

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაციია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები