5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. ბრალდებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს 1 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი 1 წლითა და 2 თვის ვადით. უშანგი დათუნაშვილს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. მათი სასჯელის ვადას კი უკვე მოხდილი დღეების რაოდენობა გამოაკლდება.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ. დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი არ აღიარებს.

აღნიშნულ პროცესზე განიხილებოდა ტაბულას ჟურნალისტის, მაკო ჯაბუას, მთავარი არხის ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილისა და მისი ოპერატორის, დავით ახალაძის, ფორმულას ჟურნალისტის, რატი წვერავას, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიასა და მისი ოპერატორის, დავით ქორიძისა და აგრეთვე, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილისა და მისი ოპერატორის,  შოთა კერვალიშვილისა და რუსთავი 2-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმე. 

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები