კრიმინალი

ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 2 ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.

პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი დაკავებულია 1971 წელს დაბადებული გ.ქ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული გ. გ. 1991 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გ. პ.

"მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებული კ.ქ., ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი – 1970 წელს დაბადებული ვ.გ. დაპირისპირების დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა: 1989 წელს დაბადებული ო.ბ., 1971 წელს დაბადებული დ.ც., 1962 წელს დაბადებული ხ.ც., 1989 წელს დაბადებული მ.მ., ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის "ა" პუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ მკვლელობა 3 აპრილს, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები