ერთი ზურგჩანთა და დატოვებული ზეწარი – ინტერვიუ ანტიპუტინისტ მხატვართან, ალისა იოფესთან

ერთი ზურგჩანთა და დატოვებული ზეწარი – ინტერვიუ ანტიპუტინისტ მხატვართან, ალისა იოფესთან

ალისა იოფე თანამედროვე რუსი მხატვარია. მისი ნამუშევრები გამოფენილია რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ტრეტიაკოვის გალერეაში. არტისტს პერსონალური გამოფენები ჰქონდა საზღვრებს გარეთაც. 

იოფე პოპულარული რუსი მხატვრის, ანატოლი ოსმოლოვსკის მოსწავლეა. 2015 წელს გამოცემამ Forbes ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ რუს არტისტად დაასახელა. 2017 წელს მიიღო იოსიფ ბროდსკის სახელობის სტიპენდია. თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის Cartier, Comme des Garcons, Maison Margiela და Bonne Suits. არის რამდენიმე ალბომისა და წიგნის ყდის ავტორი. 2020 წელს ყველაზე წარმატებული რუსი არტისტების ორმოცდაათეულში დაიკავა მეოთხე ადგილი. მისი შემოქმედება ეხება ისეთ არაპოპულარულ თემებს რუსეთში, როგორიც არის გენდერი, LGBT თემი, სოციალური უთანასორობა. 

ალისა იოფე ამჟამად თბილისში იმყოფება, მხატვარს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრისა და საკუთარ ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების გამო სამშობლოს დატოვება მოუწია. 

არტისტმა თბილისში 5 მეტრის სიგრძისა და სიგანის ტილო შექმნა, რომელსაც ფართო აუდიტორია 3 აპრილს, აქცია უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის აქციაზე გამოფენს.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ალისა იოფესთან.

მოგვიყევით იმ ნახატის შესახებ, რომელიც თბილისში შექმენით

2015 წლიდან ზეწრებზე ვხატავ, ზეწარი ძალიან კომფორტული მასალაა სახატავად, გარდა ამისა, ადვილია ნახატის გადაადგილება ან ტრანსპარანტად გამოყენება. ზეწარი საყოფაცხოვრებო ნივთია, სახლის განუყოფელი ნაწილი, ჩემს ერთ-ერთ გამოფენასაც კი ერქვა სახლიდან გარეთ. ადამიანს სძინავს, იღვიძებს და მიდის, ტოვებს სახლს, ზეწარზე კი რჩება მისი სითბო, მისი ნაწილაკები, ის შესაძლოა უკან არც დაბრუნდეს. სწორედ ეს ხდება უკრაინაში, ადამიანები გარბიან საკუთარი ლოგინებიდან, სახლებიდან. ტილოზე აღბეჭდილია ის საშინელება, რაც ახლა უკრაინაში ხდება, თითოეული ფრაგმენტი რეალურად მომხდარი ამბის ილუსტრაციაა. 

Photo: Jenia Filatova

რას ნიშნავს იყო არასტანდარტული ხედვის მქონე არტისტი რუსეთში?

ეს ძალიან რთულია. პირველ რიგში, ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ხარ. ხედავ რა ხდება შენს გარშემო, რა დღეში არიან შენი ახლობლები, მეგობრები და არაფრის შეცვლის ძალა არ გაქვს, ეს განადგურებს. რაც ახლა რუსეთში ხდება, არაკონსტიტუციურია, მოაზროვნე ადამიანები ხედავენ, როგორ ირღვევა კონსტიტუცია, როგორ მუშაობს რეპრესიული მანქანა, ეს შიზოფრენიული რეალობაა. ჩემი შემოქმედება პოლიტიკურ თემებს ეხება - გენდერს, სექსს, მოკლედ, იმ თემებს, რომლებიც დღეს რუსეთში აკრძალულია. იქ არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ცნება, თუ ხატავ პენისებს, შეუძლიათ თავისუფლად მოგაკრან პროპაგანდისტის იარლიყი. მე ერთი წელი ჩემს სტუდიაში ვმუშაობდი, კედლებზე ვხატავდი. მაქვს კედლის ნახატები, რომლებიც ნავალნის დაბრუნებას, შემდგომში მის დაპატიმრებას და საპროტესტო აქციებზე გამოსულ ადამიანებს ეხმიანება. ამ აქციებზე ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, იზოლატორები გადაივსო და ნაწილი სპეციალურ დაწესებულებებში გადაიყვანეს, რომლებშიც, როგორც წესი, მიგრანტებს დეპორტაციამდე აჩერებენ. ოთხ დაკავებულზე გათვლილ საკნებში ზოგჯერ 16 ადამიანს ათავსებდნენ, მათ მორიგეობით ეძინათ, ვერ ვაწვდიდით საკვებს, არ ჰქონდათ არანაირი პირადი სივრცე, საკნებში ტუალეტის კარი არ იკეტებოდა. ეს კოშმარული გარემო მე კედლებზე გადავიტანე. ამის შემდეგ სულ უფრო რთული გახდა ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, რუსეთში მოღვაწეობა.

თქვენი შემოქმედების გამო შეგქმნიათ პრობლემები?

მართალია, ძალოვანი სტრუქტურები არ დაინტერესდნენ ჩემით, მათთვის ჩემი ნახატები ბავშვის ნაჯღაბნებია, თუმცა, რაც შეეხება კულტურულ ინსტიტუციებს, იქ, რა თქმა უნდა, პრობლემები შემექმნა - როდესაც პერსონალური გამოფენისთვის ფინანსური დახმარება დამჭირდა, არავინ დამეხმარა. საგამოფენო დარბაზის თანამშრომელმა პირდაპირ მითხრა, რომ ვერცერთ სპონსორს ვერ ითანხმებს, იმიტომ, რომ ნავალნის აქციებში ვმონაწილეობდი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გაიხსნა ე.წ. "კულტურის სახლი", რომელსაც "ოფიცრების სახლს" ვეძახი, იქ არანაირი თავისუფლება არ არის. ეს ორგანიზაცია თითქოს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია(ერთ-ერთი რუსი მეცენატი აფინანსებს), თუმცა გახსნას პუტინი ესწრებოდა. სივრცე, რომელიც თავდაპირველად ღია უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ტიპის დისკუსიებისა და სწავლებებისთვის, ჩემნაირი ადამიანებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც არ გეძლევა სივრცე, სადაც შეგიძლია ილაპარაკო ის, რასაც ფიქრობ. თბილისში მე მაქვს ეს თავისუფლება, სწორედ ამიტომ 3 აპრილს, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერ აქციაზე ახალ ნამუშევარს გამოვფენ.

როგორ დატოვეთ რუსეთი?

2 მარტს ვოლოდინმა პირდაპირ დაუსვა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეკითხვა: ჩვენკენ ხართ თუ ჩვენს წინააღმდეგ? თუ ჩვენს წინააღმდეგ ხართ, გირჩევთ დატოვოთ ქვეყანა. ვადაც კი მოგვცა, ორშაბათამდე. მაშინ ძალიან ბევრს, მათ შორის მეც, შეგვეშინდა, გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდებოდა და წასვლას ვეღარ შევძლებდით. 5 მარტს დედაჩემს ჩავავლე ხელი, ზურგჩანთა ჩავალაგე და საქართველოში ჩამოვედი. მე გამიმართლა, იმ მხრივ, რომ ფინანსური საშუალება მქონდა, ფრენები მომენტალურად გაძვირდა, ბევრი ჩემი მეგობარი და ნათესავი უსახსრობის გამო ჩარჩა რუსეთში.

როგორ დაგხვდათ საქართველო?

მშვენივრად. აქამდეც ვიყავი საქართველოში სტუმრად, ლეონიდ პარფიონოვთან ერთად. მაშინ კახეთი მოვიარეთ, დავაგემოვნეთ ღვინოები. ქართველები ისევ ისე თბილად დაგხვდნენ, როგორც მაშინ, აქ ხომ სტუმრის პატივისცემა ერთ-ერთ ტრადიციაა. რა თქმა უნდა, ქუჩაში გრაფიტებიც შემხვდა - "რუსებო, წადით სახლში", "Fuck Russia" და ა.შ. ეს არის ანტისაომარი ლოზუნგები, რომლებიც დღევანდელ კონტექსტში სრულიად გასაგებია. იმიტომ, რომ რუსეთი არ ებრძვის მარტო უკრაინას, რუსეთი ებრძვის მთელ მსოფლიოს.

ჩვენ ვხედავთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხმას არ იღებენ მიმდინარე მოვლენებზე, რატომ აკეთებენ ამას?

მათთვის უფრო მარტივია ძლიერს მიეკედლონ. მათი აზროვნება არ სცდება ბიოლოგიურ ცნებებს. არსებობს ალფა მამრი, რომელსაც ბრმად მიჰყვები და უჯერებ. ასეთი ქცევა პრიმიტიულია. გარდა ამისა, მათ ეშინიათ, ეშინიათ არ დაკარგონ საკუთარი კულტურული მნიშვნელობა. მათ შეუძლიათ გაქცევა, მაგრამ არ გარბიან, იმიტომ, რომ სხვა ქვეყანაში მათ ნულიდან მოუწევთ ყველაფრის დაწყება, რაც ძალიან რთული და სარისკოა. მე არ მჯერა, რომ კულტურის მოღვაწეები ზომბირებული არიან, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის სწორი და არასწორი. უბრალოდ, ირჩევენ სტაბილურ შემოსავალს, რითაც ზურგს აქცევენ სიკეთეს და დგებიან ბოროტების მხარეს. 

რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის თუ არა რიგითი რუსეთის მოქალაქეების პასუხისმგებლობაც?

რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება და იმაზეც, რაც დღეს რუსეთში ხდება. რუსეთი ორ ფრონტზე იბრძვის, ერთი ფრონტი უკრაინაშია(და არამარტო უკრაინა, სხვა მეზობლებს და ზოგადად სამყაროს ვგულისხმობ), მეორე საკუთარ ქვეყანაში. მეორე ფრონტზე მუშაობს როსგვარდია, შეიარაღებით, რომელიც უშუალოდ მომიტინგეების დასარბევად გამოიყენება. მათ განახლებადი არსენალი აქვთ, წლიდან წლამდე ქმნიან და ყიდულობენ ახალი ტიპის იარაღს, ემზადებიან მომავალი დიდი შეტაკებებისთვის, რომელიც გარდაუვალია.

გჯერათ, რომ პროტესტი იმატებს?

აუცილებლად. საცხოვრებელი პირობები დღითიდღე უარესდება, სახელმწიფო ფულს ხარჯავს ერთჯერად დახმარებებზე (მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის) და ამით ახერხებს საყოველთაო ამბოხების გადავადებას. რუსეთის ეკონომიკა საშინელ დღეშია, ის დიდი ქარხნები, რომლითაც თავს იწონებს ხელისუფლება, რეალურად, უცხოეთში წარმოებული ინვენტარის და ტექნიკის ხარჯზე ფუნქციონირებს. მალე ეს ქარხნები გაჩერდება, ხალხი უმუშევარი დარჩება, მრავალი სფერო გაჩერდება, უმეტესობას კრედიტები აქვს, ადამიანებს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩებათ. სწორედ ამიტომ, ომის პირველივე დღეებში სახელმწიფო ოპოზიციურ მედიებს დააცხრა და დახურა. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

როდესმე დაბრუნდებით პუტინის რუსეთში?

ის ქვეყანა, რომელშიც მე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, შესაბამისად სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, მე დასაბრუნებელი არც კი გამაჩნია. თავს ლტოლვილად ვგრძნობ, მკაფიოდ მაგრძნობინეს, რომ იქ არავის ვჭირდები და ჩემი ადგილი არ არის. იქ ხომ ჟანგბადი არ არის - როგორ ვიცხოვრო ადგილას, სადაც ვერ ვსუნთქავ. 

 

კომენტარები