რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: "ავღანიზაცია" და ხანგრძლივი კონფლიქტი არ იქნება

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის "ავღანიზაცია" არ მოხდება და რუსეთთან კონფლიქტი ხანგრძლივი არ იქნება.

"ავღანიზაცია" და ხანგრძლივი, რუსეთისთვის მომქანცველი კონფლიქტი, როგორც ამას ზოგი ელის, არ იქნება". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

მისი თქმით, რუსეთი დატოვებს უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილს და დარჩება სამხრეთსა და აღმოსავლეთში, იქ შეეცდება გამაგრებას, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დაყენებას, დანაკარგების შემცირებასა და საკუთარი პირობების კარნახს.

"თუ გვსურს, რომ რუსები უფრო შორს გავწიოთ, მძიმე იარაღის გარეშე ამას ვერ ვიზამთ". - აღნიშნა მან.

გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. აქედან 4 მილიონმა ქვეყანა დატოვა, ხოლო დანარჩენი 6.5 მილიონი ქვეყნის შიგნით გადაადგილდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები