რეკლამა

სამუშაო ტანსაცმლის სამი საუკუნე: სტატუსიდან სტანდარტამდე (რ)

1775 წელს ფრანგული სამეფო კარის ყველა მსახური ერთსა და იმავე ტანსაცმელს ატარებდა – მუქი ლურჯი ქსოვილი, რომელსაც სპეციფიკური ფორმა ჰქონდა. ფერი, ნაქარგი, მოხაზულობა – ყველაფერი მათ სტატუსზე მიუთითებდა და სოციალური კოდი ჩაცმაში იკითხებოდა. სამეფო ცერემონიებზე ათასობით მსახურის სტილი, მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით, ფრანგული მონარქიის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ვიზუალურ გამოხატულებად ითვლებოდა.

ამ მაგალითიდან სამი საუკუნე გვაშორებს. სამუშაო ტანსაცმელმა ამოცანა შეიცვალა – სტატუსის ნიშანი ნელ-ნელა საჭიროებად გადაიქცა, მაგრამ ეს გზა სწორხაზოვანი არ ყოფილა.

1784 წელს ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ პირველი სამსახურებრივი ფორმა, იგივე უნიფორმა დაამტკიცა – ალისფერი ქურთუკი მოოქროვილი დეტალებითა და შავი ქუდით. ეს ფოსტის ეტლების მცველებისთვის იყო განკუთვნილი. 1793 წელს ლონდონის ფოსტის თანამშრომლებს პირველი ყოველდღიური ფორმა დაურიგეს – ისევ ალისფერი, ლურჯი საყელოებითა და ლითონის ღილებით, რომელზეც მატარებლის სამსახურებრივი ნომერი ეწერა. ეს ღილი ერთდროულად ორ პრობლემას აგვარებდა: ადამიანი ქუჩაში ცნობადი ხდებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. მომდევნო ათწლეულებში ფოსტის ფორმა, სულ მცირე, ექვსჯერ შეიცვალა და გაუმჯობესდა.

სრულიად განსხვავებული ლოგიკით ჩამოყალიბდა მზარეულის ტანსაცმელი. XV საუკუნეში ევროპელი მზარეულები, ჩვეულებრივ, ბრტყელ ქუდებს ატარებდნენ – მათი ძირითადი ფუნქცია შრომის პროცესში წარმოქმნილი სიცხისა და ოფლის შეკავება იყო. ამ პრაქტიკულ მოთხოვნაზე ემატებოდა ჰიგიენა: ქუდი თმას ფარავდა და კერძში მისი მოხვედრის საფრთხეს ამცირებდა.

თანამედროვე მზარეულის ქუდი XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ფრანგი მზარეული მარი- ანტუან კარემი 1821 წელს ვენაში, ბრიტანეთის ელჩთან სამსახურის პერიოდში, ამ ფორმას პირველად ატარებდა. 1873 წელს ლევი შტრაუსმა და ჯეიქობ დეივისმა ამერიკული საპატენტო ბიუროდან ნებართვა მიიღეს, რომ სამუშაო შარვლის ჯიბე ლითონის სარჭით დამაგრებულიყო. მაღაროს მუშების ჯიბეები ინსტრუმენტებით მძიმდებოდა და ზიანდებოდა. ეს გამოგონება, რომელიც დღეს ყველა ჯინსზეა, სამუშაო ტანსაცმლის ისტორიაში პირველი შემთხვევა გახდა, სადაც კონსტრუქციული გადაწყვეტა კონკრეტულ პრობლემას ეხებოდა და არა ესთეტიკურ მახასიათებელს.

სამუშაო საფრთხე სხვა ადგილებშიც გამოიკვეთა. 1900 წელს ბრიტანეთის სარკინიგზო სექტორში 16 000-ზე მეტი თანამშრომელი დაიჭრა ან დაიღუპა. სარკინიგზო კომპანიები უსაფრთხოების პასუხისმგებლობას მუშებს აკისრებდნენ, საკუთარ ვალდებულებად კი მხოლოდ ინსტრუქციებით სავსე სახელმძღვანელოებს თვლიდნენ.

1913 წლისთვის ბრიტანეთის სარკინიგზო სექტორში ტრავმების შემთხვევები 30 000-ს გადასცდა. ამ რიცხვმა, პროფკავშირების ზეწოლასთან ერთად, Great Western Railway-ს მენეჯმენტი ახალ მიდგომამდე მიიყვანა. 1913 წლის აგვისტოში დაიბადა Safety Movement – პირველი სისტემური კამპანია, სადაც თანამშრომელს ასწავლიდნენ, რა გაეკეთებინა. ეს სტილი სწრაფად გავრცელდა სხვა სექტორებზეც.

1933 წელს, Golden Gate-ის ხიდის მშენებლობაზე, მთავარმა ინჟინერმა ჯოზეფ შტრაუსმა ჩაფხუტი ყველასთვის სავალდებულო გახადა. სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი პრობლემა შეინიშნებოდა: ჭავლური გასუფთავება, რომელსაც ლითონის ნაწილების გასაწმენდად იყენებდნენ, ფილტვებისთვის საშიში მტვრის ღრუბელს ქმნიდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად კომბინიზონის დიზაინი შეიმუშავეს.

რაც შეეხება სამედიცინო სექტორს, ყირიმის ომის პერიოდში ფლორენს ნაიტინგეილმა სამხედრო ჰოსპიტალებში სანიტარიული პირობების გასაუმჯობესებლად შემოიღო ისეთი სტანდარტები, რომლებიც გარეგნობასაც ეხებოდა. გრძელსახელოებიანი კაბა და ქუდი – ელემენტები, რომლებიც პაციენტისთვის ჰიგიენისა და ნდობის ვიზუალური სიგნალი გახდა. 1880-იანი წლებიდან ჩამოყალიბებული ვარიანტი ძირითად სახეს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა.

1960-იანი წლების DuPont-ის ლაბორატორიაში ქიმიკოსი სტეფანი კვოლეკი პოლიმერულ ბოჭკოებზე მუშაობდა. მის მიერ აღმოჩენილი Kevlar ერთი და იმავე წონის ფოლადზე ხუთჯერ მდგრადი გამოდგა. ეს მასალა დღეს ათასობით პოლიციელის სპეცტანსაცმელში, საზღვაო კაბელებსა და საფრენ აპარატებში გამოიყენება და შეიძლება ითქვას, სამუშაო ტანსაცმლის ისტორიაში ყველაზე ტექნიკური ნახტომი იყო, რომელიც სხვა ბევრ ინდუსტრიაშიც გადავიდა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2023 წლის მონაცემები ამ ევოლუციას კიდევ ერთი კუთხიდან აანალიზებს. ყოველ წელს 330 000 ადამიანი სამუშაო ადგილზე ავარიის

შედეგად იღუპება, 395 მილიონი კი სამსახურში ტრავმას იღებს. ყველაზე სახიფათო სექტორებია სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა და მრეწველობა – სხვა სექტორებთან შედარებით 63%-ს შეადგენს სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის სტატისტიკაში. ამერიკის შრომის დეპარტამენტი დამსაქმებელს ავალდებულებს, თანამშრომელს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – ხელთათმანები, ჩაფხუტი, სასუნთქი ნიღბები – გარემოს შესაბამისად მიაწოდოს.

ამ რიცხვებით ჩანს, თუ რატომ გახდა უნიფორმები და სამუშაო ტანსაცმელი ოპერაციული სტანდარტის განუყოფელი ნაწილი. დღევანდელი სტანდარტიც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრა.

ფრანგული სამეფო კარის მოსამსახურეების უნიფორმიდან ამ გზამ 250 წელი გაიარა – ფორმა სტატუსის ნიშნიდან ჯერ ფუნქციურ მახასიათებლად, შემდეგ კი სიცოცხლის დამცავ სტანდარტად გადაიქცა. სამკერვალო საწარმო „ლიდერი” ამ სტანდარტს ქართული ბიზნეს სექტორისთვის ავითარებს – დიზაინიდან სრულ წარმოებამდე, ნულოვანი ნარჩენის პრინციპით.

კომენტარები