რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კულება: მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკაზე დამატებითი შეზღუდვები

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელია.

"ენტონი ბლინკენთან ვისაუბრე უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერების ნაბიჯებზე, რათა გავაგრძელოთ რუსეთის შემდგომი თავდასხმების ეფექტური წინააღმდეგობა. მადლობა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. რუსეთის ეკონომიკაზე, ფინანსურ სისტემასა და ვაჭრობაზე დამატებითი შეზღუდვები იგეგმება". - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რიგმა დასავლურმა ქვეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები