რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 31 მარტისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ირპენში
NY Times

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა სამხედრო ძალებმა კიევის გარშემო განახორციელეს წარმატებული კონტრშეტევები და ოკუპანტებზე ზეწოლა მოახდინეს. უკრაინის ძალებმა ოკუპანტებს E-40 მაგისტრალის ჩრდილოეთით გადასვლა აიძულეს და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში რუსეთის მიერ კონტროლირებად ბუჩასა და გოსტომელს თავს დაესხმებიან. ბროვარიის აღმოსავლეთით უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპანტების ჯარების გასვლით ისარგებლეს და კიევისა და ჩერნიგოვის ოლქზე კონტროლის აღსადგენად, ასევე სუმის მიმართულებით კონტრშეტევები განახორციელეს. 

რუსეთის მცდელობები, დაზარალებული ქვედანაყოფების კიევისა და სუმიდან აღმოსავლეთ უკრაინაში გადაყვანის შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარებს სერიოზული წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს. რუსეთმა განაგრძო კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 35-ე და 36-ე გაერთიანებული არმიების ელემენტების და 76-ე საჰაერო თავდასხმის დივიზიის ელემენტების სამხედრო დაკონპლექტებისთვის ბელარუსში გაყვანა და შემდგომ მათი აღმოსავლეთ უკრაინაში განლაგება. თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ქვედანაყოფებს, დიდი ზარალი აქვთ მიყენებული და არიან დემორალიზებული. ამასთან ერთად, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის შენაერთების გამოყენება უშუალოდ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციებში მონაწილეობისთვის, რომლებსაც ძირითადად სამხრეთ სამხედრო ოლქი აწარმოებს, სავარაუდოდ, არაეფექტური იქნება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ოკუპანტები, სავარაუდოდ, შეეცდებიან ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის გარშემო ფრონტის ხაზზე პოზიციების შენარჩუნებას და გააგრძელებენ  დანაღმვას. თუმცა, უკრაინული კონტრშეტევები, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსეთის მცდელობებს ძალების ხელახალი განლაგებისა და აღჭურვილობის მობილიზაციის შესახებ.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • უკრაინულმა ძალებმა ადგილობრივი კონტრშეტევები კიევის გარშემო,  სუმის მიმართულებით და ხერსონის ოლქში წარმატებით განახორციელეს და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიკავებენ შემდგომ ტერიტორიებს - განსაკუთრებით კიევის ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით.
  • რუსეთს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ირგვლივ დიდი ზარალის მქონე ქვედანაყოფები აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჰყავს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა დრამატულად შეცვალოს რუსეთის საბრძოლო მდგომაროება.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. ამასთან ერთად, უკრაინული ძალები  დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში აგრძელებდნენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას. რუსული ძალები მარიუპოლში სტაბილურ წინსვლას განაგრძობენ.
  • რუსეთის მიერ წინასწარ დაგეგმილი საგაზაფხულო გაწვევა 1 აპრილს დაიწყება, თუმცა რამდენიმე თვის მანძილზე ოკუპანტები ჯარების სამხედრო ძალას ვერ შეცვლიან.
  • კრემლი, სავარაუდოდ, აჩქარებს კვაზისახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნის პროცესს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების გასაკონტროლებლად.

პუტინმა 31 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა წინასწარ დაგეგმილ საგაზაფხულო გაწვევაზე 134 500 რუსი გაიწვია. რუსეთი ამ პროცესს ყოველწლიურად ახორცილებეს ორ ნაკადად, როგორც წესი, 1 აპრილიდან 15 ივლისამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. რუსი წვევამდელების რაოდენობა სტაბილურია, 2021 წლის შემოდგომაზე 127 000 ადამიანი და 134 000 2021 წლის გაზაფხულზე.

წვევამდელები, როგორც წესი, გადიან ერთ ან ორთვიან საბაზისო მომზადებას, რასაც მოჰყვება  სამიდან ექვს თვემდე წვრთნები კონკრეტულ დანაყოფებში დანიშვნამდე. ამასთან ერთად, კანონით იკრძალება 4 თვეზე ნაკლები საბრძლო მომზადების შემთხვევასი ომში გაწვევა, თუმცა კრემლს შეუძლია საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებით ამ შეზღუდვის გვერდის ავლა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის, გომელის სამხედრო აეროდრომზე ახლო აღმოსავლეთიდან 200 დაქირავებული, მათ შორის, სირიის დანაყოფები ჩავიდნენ. გენშტაბის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების შექმნას, კერძოდ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის ოკუპირებული სამხრეთ უკრაინის სამართავად. მოგვიანებით გენერალურმა შტაბმა 31 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთის ФСБ, 652-ე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების ჯგუფი და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მე-12 მთავარი დირექტორატის ოფიცრები აკვირდებოდნენ ხერსონის გარშემო მიმდინარე ოკუპაციის პროცესს. ამასთან ერთად, კრემლი უკრაინაში გასაგზავნად რუს სამართალდამცავ და სასამართლო მოხელეებს ამზადებს.

კომენტარები