საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 11%-მდე ზრდის, რაც სესხებს გააძვირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ახალი რეკორდული მაჩვენებელი 11%-ია.

რეფინანსების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რა პროცენტშიც ეროვნული ბანკი ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. რეფინანსების განაკვეთის გაზრდა პირდაპირპროპორციულად გაზრდის კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებთან, კერძოდ რუსეთ-უკრაინის ომსა და "მსოფლიო ინფლაციასთან" აკავშირებს. 

"საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს. ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება." - წერს სებ-ი.

იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ინფლაციური ზრდის რისკები არსებობს, სებ-ის თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში, მიწანშეწონილად მიიჩნიეს განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდა. მსგავსი მონეტარული პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას გეგმავს საქართველოს ეროვნული ბანკი იქამდე, სანამ ინფლაციური ზრდის პროგნოზები არ შერბილდება. 

ანგარიშში სებ-ი ასევე საუბრობს საგარეო მოთხოვნაზეც, რომელზეც გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა. ვინაიდან საქართველოს ომში ჩართულ ორივე მხარესთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო მოთხოვნა ცვლილებებს განიცდის.

"რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი აღდგენის შემდგომ, ამ მიმართულებით გარკვეული რისკები გამოიკვეთა, რაც, საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორისგან საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 54.5 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები იანვარ-თებერვალში, წლიურად, დაახლოებით 9-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (34.3 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც - 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიურად 47.2 პროცენტით."

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება.

კომენტარები