რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებას გაზრდის

კანადა გეგმავს გლობალური კრიზისის ფონზე ევროპისთვის ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდება გაზარდოს.

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან ვილკინსონის თქმით, ბევრი ქვეყანა, მათ შორის, კანადაც მზადაა ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები ევროპის კონტინენტზე. 

როგორც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ნავთობმწარმოებელი, კანადა აპირებს ბაზარზე ექსპორტისთვის 200 000 ბარელზე მეტ ნავთობი გაიტანოს. 

ასევე, ქვეყნის უმსხვილესმა მილსადენების კომპანიამ, Enbridge-მა BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ მზადაა გამოიყენოს ყველა გზა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული რესურსით როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ასევე ევროპის ქვეყნები.

ენერგორესურსებზე ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები უკანონოდ შეიჭრნენ. ამას დასავლეთისგან პასუხად რუსულ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა. აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ენერგორესურსების მარაგების შევსების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები