რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: აშშ-მ უკრაინასთან ომში მონაწილე რუსი სამხედროები ომის დამნაშავეებად აღიარა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობამ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროები ომის დამნაშავეებად აღიარა. CNN-ის ჟურნალისტი, ნატაშა ბერტნარი სოციალურ ქსელში შესაბამისი განცხადების ფოტოს ავრცელებს, რომლის ავტორიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გახლავთ.

"ვლადიმირ პუტინის მიერ არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყებამ, უკრაინაში რუსეთის უმოწყალო აგრესია გამოიწვია, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაჭრა მოჰყვა. რუსულმა ჯარმა გაანადგურა სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ა.შ. პუტინის ძალებმა გამოიყენეს იგივე ტაქტიკა, რითიც ისინი ჩეჩნეთსა და სირიაში მოქმედებდნენ. სანამ რუსეთი ყოველდღიურ დაბომბვებს აგრძელებს, იღუპებიან ქალები და ბავშვები. გაერომ 2 500 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების ან დაჭრის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება არის ომის დანაშაული. სწორედ ამიტომ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც აშშ-ს მთავრობისთვის ამ დროისთვის ცნობილი და დადასტურებულია, უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს ომის დამნაშავეებად ვაცხადებთ. ეს გადაწყვეტილება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის განხილვის საფუძველზე მივიღეთ. აშშ ომის დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციების მოკვლევას კვლავაც განაგრძობს". - წერია ბლინკენის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები