საქართველო-უკრაინა

FP: მთავრობა უკრაინის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში, 2021 წლის 17 ივნისი

გამოცემა Foreign Policy-მა (FP) უკრაინაში მიმდინარე ომზე საქართველოს მთავრობის, ოპოზიციის, ხალხისა და პრეზიდენტის საპასუხო რეაქციაზე სტატია მოამზადა. 

სტატიის ავტორის, უილ კატკარტის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ არ გამოხატა უკრაინისადმი შესაბამისი მხარდაჭერა - არ შეურთდა სანქციებს, 60-მდე სამხედრო მოხალისეს გაურთულა უკრაინაში გამგზავრება, "უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ანტისამთავრობო პროტესტად გადაიქცა". 

უილიამსის აზრით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებში - "არსებობს შემთხვევები, როცა ხალხი ხელისუფლებაზე უკეთესია",  ხალხთან ერთად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც უნდა მოვისაზროთ, რომელსაც, ავტორის შეფასებით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის მხარდაჭერისთის უჩივის. 

"მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იყოს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით". - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტ ზელენესკის შემდეგ მოქალაქეებისთვის მიმართვისას.

14 მარტს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. საპასუხოდ, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა დაანონსა. 

ჟურნალისტის თქმით, ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან საკუთარი ისტორია აქვს, უკრაინის ომის ფონზე, გზის გარკვევა რთულია. ავტორმა დასძინა, რომ რუსეთმა ხანმოკლე ომით უკვე წაართვა საქართველოს ტერიტორიის 20% და პერიოდულად უფრო მეტს ართმევს. საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების აშკარა დაშოშმინების პოლიტიკამ მოსკოვის მიმართ გამოავლინა მათი "კოლაბორაციონისტული" ფერები. 

უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომზე ხელისუფლების პასუხი "სამარცხვინოდ" შეაფასა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

"უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ სამარცხვინო ნაბიჯები გადადგა და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა: დაწყებული რუსეთის აგრესიის პასუხად პრემიერმინისტრის აღმაშფოთებელი დუმილით, მისი გულის ამრევი კომენტარით, რომ უკრაინის მთავრობამ ვერ შეძლო ომის "არიდება" და, ასევე, იმის დაშვებით, რომ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის კარგს არაფერს მოიტანს". - აღნიშნა გიგა ბოკერიამ FP-სთან საუბრისას.

ავტორის თქმით, მთავრობის მხარდამჭერებისთვის, საქართველოს მიერ უკრაინის მიტოვება არის  მცდელობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტი სულ უფრო არაპროგნოზირებად რუსეთთან. ჟურნალისტი შენიშნავს, რომ ერთ რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ავტომაგისტრალიდან 500 მეტრზე ახლოსაა.

გიგა ბოკერიას განმარტებით, დიდი ხანია, რაც საქართველოში ხელისუფლება "რუსულ გზავნილს" აძლიერებს, თითქოს, "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გზა პუტინის დომინირების მიღებაა". 

"ჩვენ წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდით რუსეთთან დაპირისპირების შიშის თესვას, ნაგულისხმევ გზავნილთან, რომ რუსეთის აგრესიის თავის ასარიდებლად და გადარჩენისთვის ერთადერთი გზა პუტინის დომინირების მიღებაა, რითაც რუსეთი უსაფრთხოების აპარატსა და პოლიტიკურ სისტემაში აღწევს.

[...] პროსამთავრობო მედია აორმაგებს დასავლეთის მარცხს უკრაინის მხარდაჭერაში და ამას აკეთებენ, რათა დაამტკიცონ, რომ რეგიონში გადარჩენის ერთადერთი გზა პუტინის დომირების მიღებაა". - ვკითხულობთ სტატიაში.

ბოკერია ასევე საუბრობს ხელისუფლების პრორუსული დაჯგუფებებისადმი ლოიალურ დამოუკიდებლობის ზრდაზე - მათ "დაუსჯელობასა და ნულოვან კონტროლზე".

„რუსული ჯაშუშობის ან რაიმე დივერსიული მოქმედების გამჟღავნების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ცხრა წლის განმავლობაში. ამავდროულად, ღიად პუტინის მომხრე ჯგუფები გაძლიერდნენ. ისინი სარგებლობენ ნულოვანი კონტროლითა და სამოქალაქო  ჯგუფების, მედიის, უმცირესობებისა და პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ძალადობაზე დაუსჯელობით". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ჟურნალისტის განმარტებით, საქართველოს მთავრობა, მისი აშკარა პოზიციის მიუხედავად,  მხარს უჭერს უკრაინას. ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ "გამოიყენა ყველა ხელმისაწვდომი საერთაშორისო ფორუმი, რათა გამოეხატა თავისი მხარდაჭერა დაპირისპირებული ქვეყნისადმი". 

"ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მმართველი პარტია პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთ პარტია, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს ის შედეგები, რითიც კრემლი ემუქრება. რაც უფრო დიდია საფრთხე რუსეთის მხრიდან, მით უფრო ძლიერია მთავრობა, რომელიც გაურბის მის რისხვას. კონფლიქტის ნაკლებობა ადასტურებს  ხელმძღვანელობის წარმატებას". - წერს ჟურნალისტი. 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მთავრობის მოქმედებები შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ქართული ოცნება პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხოლოდ იმიტომ არ ცდის, რომ ამისათვის საკმარისი ხმები არ აქვს. 

"პრეზიდენტი ღიად უჭერს მხარს უკრაინას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოვლინონ ერთიანობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ". - ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

ჩუგოშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს კონტექსტშიც განიხილა და თქვა, რომ "უკრაინას ომი საქართველოს ომიცაა".

"უკრაინა იმსახურებს ჩვენგან ცალსახა მხარდაჭერას, რაც საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო, რამაც გამოიწვია სახალხო დემონსტრაციები". - თქვა ჩუგოშვილმა.


მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირესრომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. 

15 მარტს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანხმადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს. პარტიის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები