ბაიდენი ბიზნეს ლიდერებს აფრთხილებს, რუსული კიბერშეტევებისთვის მოემზადონ

21 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ბიზნეს ლიდერებს საკუთარი კომპანიებს კიბერთავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამერიკელი ოფიციალური პირის მიმხედვით, ბაიდენის გაფრთხილება პუტინის შემდეგი შესაძლო ქმედების გამო ადმინისტრაციის შეშფოთებას ასახავს, რადგან, ცხადია, რომ უკრაინაში ომი რუსეთის სცენარით არ მიმდინარეობს.

"რუსეთის კიბერ შესაძლებლობების მასშტაბები საკმაოდ დიდია და ის სულ უფრო გვიახლოვდება. [..] ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოსალოდნელია [პუტინმა] გამოიყენოს, ჩემი, ჩვენი გადმოსახედიდან, არის კიბერშეტევები. რომელიც არ გამოუყენებია, მაგრამ ეს მისი სცენარის ნაწილია". - თქვა ბაიდემა.

აშშ-ს პრეზიდენტი ბიზნეს ლიდერებს კიბერშეტევებთან გამკლავებაში დახმარებას დაპირდა.

"[ადამიანის] პატრიოტული ვალდებულებაა უსაფრთხოებისთვის ინვესტიციების ჩადება და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ კიბერშეტევების გასამკლავებლად  ტექნოლოგიური შესაძლებლობები განავითაროთ". - თქვა ბაიდენმა.

კიბერშეტევებმა რუსეთ-უკრაინის ომში დამხმარე როლი ითამაშეს. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად, სატელიტური მოდემები, რომლებიც ევროპაში, მათ შორის უკრაინაში, ათიათასობით მომხმარებლისთვის ინტერნეტის წყარო იყო, აშშ-ს სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ Viasat-ზე კიბერშეტევის შედეგად გამოირთო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები