რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აღმაშფოთებელი ხდება – ჩინეთის საგარეო მინისტრის მოადგილე

VCG

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლე იუჩენგის თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სულ უფრო "აღმაშფოთებელი" ხდება. 

მინისტრის მოადგილემ ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის პოზიციას NATO-ს შესახებ. მისი თქმით, ალიანსი აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს და რუსეთის მსგავსი ბირთვული სახელმწიფო "კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიონ".

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო აღმაშფოთებელი ხდება. რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის აქტივებს უმიზეზოდ ართმევენ. [...] ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანქციები პრობლემებს ვერ გადაჭრის. სანქციები ზიანს მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს აყენებს, გავლენას ახდენს ეკონომიკურ, ფინანსურ სისტემაზე და გააუარესებს გლობალურ ეკონომიკას". – თქვა მინისტრის მოადგილემ.

ლე იუჩენგმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურ დაუცველობას სწორედ NATO-ს მიერ აბსოლუტური უსაფრთხოების ძიება იწვევს.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან სატელეფონო საუბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი და მსგავსი კრიზისები არავის ინტერესებში არ შედის. საუბრის დროს ჯო ბაიდენმა სი ძინფინგი გააფრთხილა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება. 

გასულ დღეებში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში.

ამას გარდა, 14 მარტს კვლავ FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 მარტს ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიანრონგმა თქვა, რომ ჩინეთი უკრაინას "არასდროს დაესხმება თავს".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები