საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: ზელენსკის მოსმენის ინიციატივის განხილვაში არც კი შევდივართ, ეს არის მხოლოდ PR

საქართველოს პარლამენტი / Facebook

"აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს მისი სახელით. არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას, უნდა თუ არა ჩართვა" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ლელოს ინიციატივას, პლენარულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინონ.

"ჩვენ არც კი შევდივართ ამ ინიციატივების განხილვაში იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, რა არის ამის მიზანი. ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არის ქვეყანაში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის მხოლოდ პიარი, უხეშად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება რეალურ დახმარებასა და გვერდში დგომას - სწორედ მაშინ ისინი არ იჩენენ არანაირ დახმარებას. თუკი რეალურად ვინმეს სურს გვერდით დაუდგეს უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და, საბოლოო ჯამში, ასეთი ისტერიით, რასაც ყოველდღე ცდილობენ რომ დადგან" - ამბობს პაპუაშვილი.

ფრაქცია ლელომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენის წინადადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართეს. სწორედ შალვა პაპუაშვილს აქვს მსგავსი მოწვევის უფლება - უცხო ქვეყნის მეთაურის სიტყვით გამოსვლის. ფრაქცია ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა დააზიანა სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან, სახელმწიფო ინტერესებშია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის სიტყვა მოისმინონ.

"მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური დაპირისპირება და ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის საუკეთესო ინტერესი". – ამბობს სამადაშვილი.

კომენტარები