საქართველოს პარლამენტი

ლელო პაპუაშვილს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე ზელენსკის ონლაინ მოუსმინონ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში

პარტია ლელო საქართველოს პარლამენტს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინონ. ინიციატივაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

სამადაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა დააზიანა სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან, ლელო-ს მიაჩნია, სახელმწიფო ინტერესებშია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტი სიტყვა მოისმინონ.

ლელოს საპარლამენტო გუნდმა ეს წინადადება ოფიციალურად უკვე გააფორმა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მიმართეს, რადგან მსგავსი მოწვევის უფლება, უცხო ქვეყნის მეთაურის სიტყვით გამოსვლის, პაპუაშვილს აქვს.

"უკრაინა დღეს თავისუფალ სამყაროსთან ერთად ებრძვის 21-ე საუკუნის ბოროტებას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სახით. უკრაინა ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს და უკრაინასთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უკრაინასთან ერთად უნდა გავიკვალოთ გზა ევროპისკენ, უსაფრთხოებისკენ და დაცულობისკენ [...]

მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური დაპირისპირება და ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის საუკეთესო ინტერესი". – ამბობს სალომე სამადაშვილი.

კომენტარები