რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის 21-ე დღეს პატრიარქმა რუსეთი პირველად ახსენა

რუსეთ-უკრაინის ომის 21-ე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ll-მ რუსეთი პირველად ახსენა. გავრცელებულ განცხადებაში ილია ll წერს, რომ უკრაინაში "რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება". 

პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, ხვალ, 17 მარტს, 12:00 საათზე " უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო" შეავედრონ.  

"სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის.

ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნთესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“ (ვთქვათ სამჯერ).

ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო!

კვირას, 20 მარტს კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის.

ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს, ამინ!" - წერია განცხადებაში.       

მანამდე, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებებში რუსეთი ნახსენები არ ყოფილა.               

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები