რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კაჩინსკიმ უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის იდეა წამოაყენა

პოლონეთის ვიცეპრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, იაროსლავ კაჩინსკიმ უკრაინაში NATO-ს, ან სხვა სახის საერთაშორისო სამშვიდობო მისიის გაგზავნის იდეა წამოაყენა.

ამის შესახებ მან უკრაინაში, კიევში ვიზიტის დროს ისაუბრა. 15 მარტს პოლონეთის პრემიერი და მისი მოადგილე, სლოვენიის პრემიერი და ჩეხეთის პრემიერი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

"ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისია, NATO-სი, შესაძლოა რაიმე უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურაც, მაგრამ მისია, რომელსაც შეეძლება თავდაცვა. რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე". - თქვა კაჩინსკიმ.

მან ხაზი გაუსვა მსგავსი მისიის სათანადოდ შეიარაღების აუცილებლობას.

"ეს იქნება მისია, რომლის მიზანსწრაფვა იქნება მშვიდობა, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა, თუმცა, ამავდროულად, ის იქნება შეიარაღებული შესაბამისი ძალებით, შეიარაღებული ძალებით". - აღნიშნა კაჩინსკიმ.

თავად NATO, ასევე აშშ და გერმანია, ამ დრომდე, უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გამორიცხავენ.

შეხვედრამდე კაჩინსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ევროპამ უკრაინის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.

"ევროპამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის დამოუკიდებლობა და უნდა იყოს მზად უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დასახმარებლად". - წერდა კაჩინსკი.

კომენტარები