საუდის არაბეთი-ჩინეთი

WSJ: საუდის არაბეთი ოფიციალურ პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას განიხილავს. გამოცემა ინფორმაციას საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს სვლა მსოფლიოში საწვავის ბაზარზე აშშ დოლარის მონოპოლიას შეამცირებს, ასევე ეს იქნება მსოფლიოში ნედლი ნავთობის პირველ ადგილზე მყოფი ექსპორტიორის კურსის აზიისკენ ცვლილება. 

ნავთობის იუანში შეძენის კონტრაქტები 6 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საუდის არაბეთის უკმაყოფილებამ რეგიონში და მათ მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ირგვლივ, მოლაპარაკებები დააჩქარა.

საუდის არაბეთის უკმაყოფილება იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ნაკლებობამ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაფორმებიც მცდელობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ ისინი შოკში ჩააგდო.

ჩინეთი საუდის არაბეთის საექსპორტოდ წარმოებული ნავთობის 25 %-ზე მეტს იძენს. შესაბამისად, თუ ვაჭრობა იუანში მოხდება, ეს გაყიდვები ჩინურ ვალუტას გაამყარებს. ამასთან, საუდის არაბეთი განიხილავს იუანში დენომინირებული, ჩინეთში პეტროიუანად წოდებული ფიუჩერსული კონტრაქტების "საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიის" საფასო მოდელში გათვალისწინებას.

საუდის არაბეთის მიერ ნედლი ნავთობის ყოველდღიური ექსპორტიდან დაახლოებით 6.2 მილიონი ბარელის დოლარის გარდა სხვა ვალუტაში შეფასება ქვეყნის კურსის დიდი ცვლილება იქნება. მსოფლიოში ნავთობის გაყიდვების უმეტესობა, დაახლოებით 80% დოლარში სრულდება. საუდის არაბეთი ნავთობით ექსკლუზიურად დოლარში ვაჭრობს 1974 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ნიქსონის ადმინისტრაციასთან ეს შეთანხმება სამეფოსთვის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ გაფორმდა.

ჩინეთმა იუანში შეფასებული ნავთობის კონტრაქტები 2018 წელს, მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ვალუტის სავაჭროდ ქცევის მცდელობის ფარგლებში წარადგინა. თუმცა, ამ ნაბიჯმა ნავთობის ბაზარზე აშშ დოლარის დომინაციაზე გავლენა ვერ მოახდინა. ჩინეთისთვის, დოლარის გამოყენება კიდევ უფრო სარისკო, აშშ-ს მიერ ირანისთვის ბირთვული პროგრამის და რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის პასუხად დადებული სანქციების გამო გახდა.

ჩინეთი უკანასკნელ წლებში, საუდის არაბეთს საკუთარი ბალისტიკური რაკეტების აგებაში დაეხმარა, საკუთარ ბირთვულ ბროგრამაზე კონსულტაციები გაუწია და მემკვიდრე პრინცი მუჰამედის პროექტების დაფინანსებაც დაიწყო, როგორიც არის ფუტურისტული ახალი ქალაქის, ნეომის პროექტი. საუდის არაბეთმა კი ჩინეთის პრეზიდენტი სამეფოში ოფიციალური ვიზიტითაც მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

პარალელურად კი საუდის არაბეთის ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციასთან უარესდება. ბაიდენმა 2020 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთს უნდა მოექცნენ როგორც "განკვეთილ" ქვეყანას. ხაშოგი ქალაქ სტამბოლში 2018 წელს მოკლეს, აშშ-ში კი ზემოხსენებულ მკვლელობასთან კავშირის გამო, მემკვიდრე პრინცი მუჰამედის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გასულ თვეში კი საუდის არაბეთის დე-ფაქტო ლიდერმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარზე უარი თქვა.

შეიცვალა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობაც. აშშ დღესდღეობით თავადვე შედის ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელთა სიაში. ოფიციალური მონაცემებით, თუ 1990-იანი წლების დასწყისში აშშ საუდის არაბეთისგან დღიურად 2 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს იძენდა, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით ზემოხსენებული დღიური მაჩვენებელი 500 000 ბარელზე ნაკლებს შეადგენს.

კონტრასტისთვის, ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ფონზე, ნავთობის იმპორტი უკანასკნელ სამ დეკადაში საგრძნოვლად გაიზარდა. 2021 წლის მონაცემებით ჩინეთისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელი სწორედ საუდის არაბეთია, რომლისგანაც ჩინეთი ყოველდღიურად 1.76 მილიონ ბარელს ყიდულობს, მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს დღიური 1.6 მილიონი ბარელით.

"დინამიკა დრამატულად შეიცვალა. აშშ-ს ურთიერთობა საუდის არაბეთთან შეცვლილია. ჩინეთი ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია და სამეფოს უამრავ ხელსაყრელ ბენეფიტს სთავაზობს. ჩინეთი საუდის არაბეთს ყველაფერს სთავაზობს, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია". - უთხრა გამოცემას მოლაპარაკებებში ჩახედულმა პირმა.

აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი კი საუდის არაბეთის იდეას ჩინეთისთვის ნავთობის იუანში მიყიდვის შესახებ "უკიდურესად არამდგრადს და აგრესიულს" და ამავდროულად, "ნაკლებად სავარაუდოს" უწოდებს. მისი თქმით, საუდის არაბეთმა ზემოზსენებული იდეა წარსულში წამოაყენა, როდესაც ვაშინგტონსა და ერ-რიადს შორის დაძაბულობა არსებობდა.

შესაძლებელია, რომ საუდის არაბეთმა უკანაც დაიხიოს. მილიონობით ბარელი ნავთობის ყოველდღიურად, აშშ დოლარის ნაცვლად იუანში გაყიდვა, საუდის არაბეთის ეკონომიკასაც შეარყევს, რადგან ადგილობრივი რიალი დოლარზე დამოკიდებულია. როგორც გამოცემა წერს, მემკვიდრე პრინც მუჰამედს მრჩეველები აფრთხილებემ რომ მისი გეგმის ნაჩქარევად შესრულება სამეფოს არაპროგნოზირებადი ეკონომიკური ზარალის წინაშე დააყენებს.

იუანში გაყიდვების ზრდა საუდის არაბეთს ჩინურ ვალუტასთან კიდევ უფრო დააკავშირებს. ჩინური ვალუტა კი პეკინის მხრიდან მასზე მჭიდრო კონტროლის გამო, საერთაშორისო ინვესტორების მიზიდვას ვერ ახერხებს. ნავთობის გაყიდვების ნაკლებად სტაბილურ ვალუტასთან დაკავშირებამ კი შესაძლოა, საუდის არაბეთის საფინანსო იმიჯს ძირი გამოუთხაროს.

ზემოხსენებული გეგმის საუდის არაბეთის ეკონომიკაზე გავლენა, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ნავთობის გაყიდვების რაოდენობასა და ფასზე. ეკონომისტების ნაწილის აზრით, დოლარში დენომინირებული ნავთობის გაყიდვებზე დამოკიდებულების შემცირება, სამეფოს შემოსავლის გამრავალფეროვნებას მოახდენს, რაც ადგილობრივი რიალის სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარებას გამოიწვევს, ქუვეითური დინარის მგავსად.

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებში ჩახედული პირების თქმით, საუდის არაბეთი ნავთობის ტრანზაქციების უდიდეს ნაწილს კვლავ დოლარში გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, მათმა ნაბიჯმა სხვა ნავთობმწარმოებლების ინტერესიც გამოიწვიოს და ჩინეთთან იუანში ვაჭრობა მათაც განიხილონ. ჩინეთისთვის საუდის არაბეთის გარდა, ნავთობის დიდი მიმწოდებლები რუსეთი, ანგოლა და ერაყი არიან.

წყარო –The Wall Street Journal

კომენტარები