რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: მოლაპარაკებებზე რუსეთი ულტიმატუმებს აღარ აყენებს, ყურადღებით გვისმენენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე რუსული მხარე ულტიმატუმებს უკვე აღარ აყენებს და ყურადღებით უსმენს უკრაინის წარმომადგენლებს.

"რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე უკვე არა ულტიმატუმებით საუბრობენ, არამედ ყურადღებით უსმენენ ჩვენს შემოთავაზებებს. უკრაინა არ დათმობს თავის პოზიციებს. ჩვენი მოთხოვნებია ომის დასრულება და რუსეთის ჯარების გაყვანა. ვხედავ ამ პროცესის გააზრებასა და დიალოგს." - თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი "სამართლებრივი ფორმატების" შემუშავების შემდეგ გაიმართება.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები