რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინს ომის დასრულების მზაობა არ გამოუხატავს – მაკრონის ადმინისტრაცია

ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2018 წელი
Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით დეტალებს ავრცელებს

მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, პუტინმა არ გამოხატა ომის დასრულებისთვის მზაობა. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომდევნო დღეებში ევროკავშირის წევრი სახელმწიდოები რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებენ. ახალ სანქციებში გათვალისწინებული იქნება ომში განვითარებული ბოლო მოვლენები, მათ შორის მარიუპოლის ალყაში მოქცევა. 

"ამ ისტორიული "ირანული სტილის" სანქციების მიზანია პრეზიდენტი პუტინის კუთხეში მომწყვდევა და მისი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირება". – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

სატელეფონო საუბარი 75 წუთს გაგრძელდა. მაკრონმა და შოლცმა სთხოვეს პუტინს, რომ "კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებაზე გადავიდეს".

გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების დამატებით დეტალებს არ გაამჟღავნებდნენ.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა და შოლცმა უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ საკითხიც დააყენეს, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა "უკრაინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის" შესახებ საუბრით უპასუხა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები