რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონმა და შოლცმა ერთობლივ საუბარში პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს

Thibault Camus / AFP / Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერთობლივ სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდეს. საუბარი 75 წუთს გაგრძელდა.

მაკრონმა და შოლცმა ასევე სთხოვეს პუტინს, რომ "კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებაზე გადავიდეს".

გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების დამატებით დეტალებს არ გაამჟღავნებდნენ.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა და შოლცმა უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ საკითხიც დააყენეს, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა "უკრაინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის" შესახებ საუბრით უპასუხა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები