ოკუპირებული აფხაზეთი

ევროკავშირი არ ცნობს აფხაზეთში გამართული ე.წ არჩევნების კონსტიტუციურ ჩარჩოებს – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების გამართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.

ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია". – თქვა ჰარცელმა.

დღეს, 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს.  გახსნილია 152 უბანი. ე.წ პარლამენტის 35 მანდატისთვის 123 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები