ოკუპირებული აფხაზეთი

მინისტრის აპარატი: საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს

TASS

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

"მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს". – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს.  გახსნილია 152 უბანი. ე.წ პარლამენტის 35 მანდატისთვის 123 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება.

დე ფაქტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებაა.

კომენტარები