რუსეთი-საქართველო

რუსეთი აპირებს, 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.  ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"როსსელხორნადზორმა დააინიცირა მესამე ქვეყნების იმ საწარმოების ჩართვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეესტრში, რომლებსაც აქვთ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავის პროდუქციის შეტანის უფლება. ერთი საწარმო აზერბაიჯანიდან და ასევე 15 საწარმო საქართველოდან" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

"2020 წლიდან  მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში." – ნათქვამია სააგენტო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა  სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

კომენტარები